ილონ მასკის Starlink-ის ინტერნეტი უკრაინულ დრონებს რუსეთის ტანკებისა და შეიარაღების განადგურებაში ეხმარება
ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრული სისტემა უკრაინულ დრონებს რუსეთის შეიარაღების განადგურებაში ეხმარება. ამის შესახებ The Times of London-ი წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინული Aerorozvidka დრონები თერმული კამერების საშუალებით რუსულ სამხედრო მანქანებს, მათ შორის ტანკებსა და სატვირთოებს ღამით ხედავენ. დრონები ისე გადააკეთეს, რომ სამიზნეებს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს ესვრიან.
„ღამით თერმული ხედვის კამერის მქონე დრონი Starlink-ის ინტერნეტით მართვის ცენტრს უკავშირდება, საიდანაც სამიზნეს არჩევენ“, — ამბობს Aerorozvidka-ს ხელმძღვანელი.
Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი დრონების ჯგუფს შეუფერხებლად მუშაობის საშუალებას აძლევს, მაშინაც კი, როდესაც საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, საკაბელო ინტერნეტში შეფერხებაა.
თებერვლის ბოლოს, ილონ მასკმა უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კომპანია Starlink-ის ინტერნეტი გაააქტიურა და ქვეყანას სპეციალური მიმღები ტერმინალებიც გაუგზავნა. მას შემდეგ, უკრაინაში ტერმინალების ბევრი პარტია ჩავიდა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი მიხაილო ფედოროვი The Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ Starlink-ის ინტერნეტის ხარისხი ბრწყინვალეა.
„ათასობით ადგილას ვიყენებთ ათასობით ტერმინალს, ყოველდღიურად ჩამოდის ახალი პარტიებიც“, — ამბობს ფედოროვი.
მარტის დასაწყისში, მასკმა უკრაინაში Starlink-ის მომხმარებლები გააფრთხილა, რომ სისტემა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩართონ, რადგან ისინი შეიძლება ომში სამიზნე გახდეს.