რას წარმოადგენდა სინამდვილეში ჰავაის თავზე გამოჩენილი უცნაური სპირალი — #1tvმეცნიერება
16:12, 01.02.2023
ჰავაის თავზე გამოჩენილი აჩრდილისებრი ლურჯი სპირალი შეიძლება SpaceX-ის თანამგზავრების გაშვებასთან იყოს დაკავშირებული.
იაპონიის ეროვნულმა ასტრონომიულმა ობსერვატორიამ იდუმალი სპირალი 18 იანვარს, სუბარუს ტელესკოპით შენიშნა, მას შემდეგ, რაც SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ით აშშ-ის კოსმოსური ძალების დიდი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა.
სუბარუს ტელესკოპთან მომუშავე მკვლევარი იჩი ტანაკა იმ ღამეს სხვა საქმეში იყო გართული და ტელესკოპში გამოჩენილი არაამქვეყნიური ფორმა ვერ შენიშნა. ცოტა ხანში, მას YouTube-ზე მიმდინარე ლაივსტრიმიდან ამოჭრილი სქრინშოტი გაუგზავნეს.
კოსმოსური მორევის ფოტო ობსერვატორიამ Twitter-ზე გამოაქვეყნა და დაურთო ვიდეოც, რომელშიც ვულკან მაუნა-ლოას თავზე წარმოქმნილი და შემდეგ გაუჩინარებული ეს სპირალი ჩანდა.
„სუბარუს კამერამ მაუნა-კეას თავზე უცნაური, მფრინავი სპირალი დააფიქსირა. როგორც ჩანს, ის კომპანია SpaceX-ის მიერ ახალი თანამგზავრების გაშვებასთან არის დაკავშირებული“, — დაწერა სუბარუს ტელესკოპის გვერდმა Twitter-ზე.
გაშვება ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან მოხდა, მაგრამ როგორც ტვიტს თანამგზავრების ადგილმდებარეობის მეთვალყურე სკოტ ტილი გამოეხმაურა, ჰავაის თავზე გამოჩენილი სპირალის ადგილმდებარეობა ძლიერ ემთხვეოდა რაკეტა Falcon 9-ის მეორე ნაწილის მდებარეობას იმ დროს.
ეს გახლავთ რაკეტის ნაწილი, რომელსაც თანამგზავრები დედამიწის ორბიტაზე გაჰყავს, მას შემდეგ, რაც რაკეტის გამწევი (პირველი ნაწილი) გამოეყოფა და დედამიწაზე ჩამოვარდება.
პორტალ SpaceWeather.com-ის ვარაუდით, რომელიც ასეთ ფენომენებს აკვირდება, უცნაური სპირალი Falcon 9-ის პირველი ნაწილის ჩამოვარდნისას საწვავის გადმოსხმამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის გაშვებების შემდეგ ასეთი სპირალები ცაში ადრეც გამოჩენილა. მაგალითად, 2022 წელს ფლორიდიდან გაშვების შემდეგ, სპირალური წარმონაქმნი გამოჩნდა ახალი ზელანდიის ქალაქ ქვინსთაუნის თავზეც.
SpaceWeather.com-ის ცნობით, რაც უფრო ზრდის SpaceX-ი Falcon 9-ით გაშვებებს, ასეთი სპირალები სულ უფრო ხშირად ჩნდება წყნარო ოკეანის თავზე.