კომპანია OneWeb-ი ინტერნეტის თანამგზავრებს კონკურენტი SpaceX-ის რაკეტებით გაუშვებს
კომპანია OneWeb-ი ინტერნეტის თანამგზავრებს კონკურენტი SpaceX-ის რაკეტებით გაუშვებს

ბრიტანული თანამგზავრული კომპანია OneWeb-ი საკუთარ ხომალდებს ორბიტაზე თავის ამერიკული კონკურენტის, SpaceX-ის რაკეტებს გაუშვებს.

ორივე კომპანია თანამგზავრული, ფართოზოლიანი ინტერნეტკავშირის სისტემებს ქმნის.

თუმცა, მაშინ, როცა SpaceX-ი Starlink-ის სისტემას საკუთარი რაკეტებით უშვებს, OneWeb-ს ასეთი რამ არ გააჩნია და ალტერნატივის ძებნას მას შემდეგ შეუდგა, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო იძულებული გახდა, უარი ეთქვა რუსეთის „სოიუზის“ რაკეტებზე.

იპოვა კიდეც. OneWeb-მა კონტრაქტი ამჯერად SpaceX-თან გააფორმა. კომპანია იმედოვნებს, რომ გაშვებათა პირველი სერია წლის ბოლომდე დაიწყება.

„მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით SpaceX-ს, რაც ადასტურებს ჩვენს საერთო ხედვას კოსმოსის უსაზღვრო პოტენციალის მიმართ. ამ გაშვებებით გვსურს ბოლომდე დავასრულოთ თანამგზავრთა მთელი ფლოტის მშენებლობა, რომლებიც მთელ მსოფლიოს მიაწვდის საიმედო, სწრაფ და უსაფრთხო კავშირს“, — ამბობს OneWeb-ის ხელმძღვანელი ნილ მასტერსონი.

ხელშეკრულების პირობები ჯერჯერობით უცნობია. OneWeb-ის ნაწილობრივი მფლობელი ბრიტანეთის მთავრობაა.

SpaceX-ს ამჟამად ორბიტაზე Starlink-ის სისტემის 2000-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს, მაგრამ მისი არქიტექტურა OneWeb-ისგან განსხვავებულია და მისი ხომალდები ორბიტაზე გაცილებით დაბლა მოძრაობენ. ილონ მასკის კომპანია საკუთარი Falcon-ის მრავალჯერადი რაკეტებით Starlink-ის სისტემას ყოველკვირეულად ამატებს თანამგზავრების ახალ პარტიას.

SpaceX-თან კონტრაქტი OneWeb-ისთვის ერთადერთი ახლოვადიანი ვარიანტი იყო.

სანქციების გამო „სოიუზის“ რაკეტები საერთაშორისო ბაზრიდან გარიცხეს და ამჟამად მსოფლიოში დეფიციტია ისეთი რაკეტებისა, რომლებსაც თანამგზავრების პარტიებად გაშვება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ი და OneWeb-ი კონკურენტები არიან და ორივეს მიზანი ფართოზოლიანი თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების სერვისის შექმნაა, მათი სამიზნე სექტორები განსხვავებულია.

SpaceX-ის ინტერნეტკავშირის ტერმინალებს პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდის, OneWeb-ი კი სატელეკომუნიკაციო კომპანიებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ინტერნეტკავშირს შემდეგ უშალოდ მომხმარებლებს შესთავაზებენ პაკეტების სახით.

„სოიუზის“ რაკეტით OneWeb-ი ერთ ჯერზე 34-36 თანამგზავრს უშვებდა. ფლორიდის ქარხნებში, კომპანია ამჟამად დღეში 1-2 თანამგზავრს აწარმოებს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.