ქვეყნის მასშტაბით, წელს სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვეყნის მასშტაბით, სუნელების 93 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა წელს სამ ნიმუშში დაფიქსირდა. ამის შესახებ პირველ არხს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა „ჯეო“-ს წარმოებულ წითელ წიწაკაში (ახალციხე, დამფასოებელი და რეალიზატორი შპს გურამი მათოშვილი, აღმოჩენილი ტყვია დაშვებულ ნორმას 10-ჯერ აჭარბებდა), ინდმეწარმე „ჩოფლიანის“ მიერ წარმოებულ სვანურ მარილში (ბათუმი, რეალიზატორი შპს „ტარიელი,“ ნორმის თითქმის 2-ჯერ გადაჭარბება) და „აი პროდაქტ“-ის მიერ დამზადებულ ხმელ სუნელში (გადაჭარბება 4-ჯერ).
სააგენტოს ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში ის პარტიები, რომლებშიც ტყვია აღმოჩნდა, განადგურდა, საწარმოებზე კი, დარღვევების პრევენციის მიზნით, ზედამხედველობა მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში გამოვლინდა.
მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი, 2-წლიანი ზომები ამოქმედდა, რომლის თანახმად იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ, სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია; ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია კი, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება დაფქვა;
ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით.
„აკრედიტებული ლაბორატორიებიდან მიღებული კვლევის შედეგების ანალიზით, 2017 წელთან შედარებით შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია, კერძოდ, გამოცდის ოქმების მიხედვით, ტყვიის დასაშვებ დონეზე მეტი რაოდენობა გამოვლინდა სუნელისა და სანელებლების 3 ნიმუშში, რაც ლაბორატორიულად გამოკვლეული ნიმუშების საერთო რაოდენობის 3.26%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2017 წლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, შეუსაბამობა გამოვლინდა ლაბორატორიულად გამოკვლეული ნიმუშების საერთო რაოდენობის 17.2%-ში, „ – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ კვლავ ხორციელდება ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით სუნელებისა და სანელებლების ნიმუშების აღება.