დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, წელს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯება.

ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტს, რომლის ფარგლებში, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმის ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, ხდება შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე. აღნიშნული კვლევის შედეგად, ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით, ასევე მათი ოჯახის წევრების (18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები) გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო სერვისებით მოცვას. კერძოდ, ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღებას; ბავშვის მშობლებისათვის საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ. იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, ხდება მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით) უზრუნველყოფა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არ შეფერხებულა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებისთვის ავრცელებს რეკომენდაციებს, რომელთა თანახმად, თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია, ტყვიით ექსპოზიციის მომატებული დონე ბავშვის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ რისკებს ქმნის. აქედან გამომდინარე, ბავშვის ჯანმრთელობის უკეთ შესწავლისა და მისი ტყვიის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ვიზიტი პედიატრთან ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების, კვებითი სტატუსის და რკინის დეფიციტის რისკის შეფასების მიზნით 1-2 კვირის განმავლობაში; პედიატრის რეკომენდაციით ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღება; საცხოვრებელი გარემოს შეფასება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით, ტყვიის ზეგავლენის პოტენციური წყაროს/წყაროების იდენტიფიცირების მიზნით.

ყველა ზემოაღნიშნულ კონსულტაციისა და კვლევის ჩატარება უზრუნველყოფილია სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გარემოში, რომელშიც ბავშვი იმყოფება, შესაძლებელია, ტყვიის ზემოქმედების სხვადასხვა წყარო არსებობდეს, როგორიცაა: ტყვიის შემცველი საღებავებით დაფარული საგნების ზედაპირები, ნიადაგი, მტვერი და სამომხმარებლო პროდუქტები. ბავშვზე ტყვიის ზეგავლენა შესაძლებელია მოხდეს გადაცემის სხვადახვა გზით – შესუნთქვით და ჩაყლაპვით. ტყვია შესაძლოა, ასევე მოხვდეს ჩვილის ორგანიზმში ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

„ტყვიით ექსპოზიციასთან დაკავშირებული ძირითადი სიმპტომებია: სწავლის უნარის დაქვეითება; დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში; ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა; ყურადღებისა და კონცენტრირების პრობლემები; მეტყველების პრობლემები; დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში; კოორდინაციის დარღვევები; ქცევითი პრობლემები“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ცენტრის მშობლებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს.

„​ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს ტყვიისშემცველი საღებავის ანაფხეკთან და ამგვარი საღებავებით შეღებილ ზედაპირებთან; რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ სათამაშოები; რეგულარულად დაასუფთავეთ ოთახები სველი წესით; ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს კოსმეტიკურ საშუალებებთან; მოარიდეთ ბავშვები იმ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები; არ მიაკაროთ ბავშვები ნაგავსაყრელებს; ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ კონტაქტი ნიადაგთან (არ ითამაშონ მიწით ან მიწაში). არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით; ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები.

2018 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმად, 2-7 წლის ასაკის 1578 ბავშვიდან საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებლები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.