ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ძლიერდება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ძლიერდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ძლიერდება. ამის შესახებ მან ონლაინ პრესკონფერენციისას ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის შეკითხვას უპასუხა. საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კუთხით, როგორია ვითარება 2018 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შემდგომ, არის თუ არა ახალი მონაცემები, რა ღონისძიებები გატარდა და რა ზომების გატარება იგეგმება ამ კუთხით.

„მას შემდეგ, რაც ეს კვლევა ჩატარდა 2018 წელს, შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა. ამ სახელმწიფო პროგრამით 2019 წელს 504 ბავშვი და მათი ოჯახის 692 წევრი გამოიკვლიეს, შესაბამისი რჩევა-დარიგებებით, შესაბამისი პრეპარატების მიცემით, სადაც საჭირო იყო. 2020 წელს ეს პროგრამა უფრო გაფართოვდა და გრძელდება. დღეს ამ პროგრამით ორიდან შვიდ წლამდე 1 500-მდე ბავშვია უკვე გამოკვლეული, ასევე, მათი ოჯახის წევრები.

პროგრამა გრძელდება და ასევე, ძლიერდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შესაბამისი ლაბორატორიული სიმძლავრეები ორგანიზმში ტყვიის გამოსაკვლევად. მოგეხსენებათ, ტყვია პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ერთ თვეში, ერთ წელიწადში არ ხდება. მას დრო სჭირდება და ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვართ.

ჯერჯერობით, კვლევებით, ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით რადიკალური შემცირების ტენდენცია არ არის, მაგრამ იგივე დონეზე ვრჩებით, დაახლოებით მსუბუქი მატება გვაქვს, სადღაც 25-30 პროცენტში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დატოვე კომენტარი