2023 წლიდან სამშენებლო ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლი დაიწყება
2023 წლიდან სამშენებლო ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლი დაიწყება

2023 წლიდან საქართველოში სამშენებლო ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის მაკონტროლებელი ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს ახალ ვალდებულებებს უწესებს.

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0.009 პროცენტს. ამ პროცესს მონიტორინგს და ზედამხედველობას „ბაზრის მონიტორინგის სააგენტო“ გაუწევს.

როგორც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ვიდრე ბაზარზე ახალი წესები ამოქმედდება, კერძო სექტორისა და ინსტიტუციების მოსამზადებლად საჭიროა ორწლიანი პერიოდი.

„ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და მეორე მხრივ, თვითონ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვინაიდან საღებავებში ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გრძელვადიან პერიოდში. რაც შეეხება ზედამხედველობას, ახლა მთავრობის მიერ დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი, რაც მოიცავს მოთხოვნებს და გარკვეულ ინფორმაციას, თუ რა უნდა იყოს დატანილი პროდუქტზე და იმას, რომ ბაზარზე იმპორტისას და რეალიზაციისას ეს პროდუქტი გაკონტროლდება.

ეს ორწლიანი პერიოდი, 2023 წლამდე დრო ყველა ნორმატიულ აქტს სჭირდება – ანუ ინსტიტუციური შემზადება, კერძო სექტორის მომზადება. გარდა ამისა, თუ ქვეყანა იმპორტზეა ორიენტირებული ამ მიმართულებით, საჭიროა რომ ხელშეკრულებები გაფორმდეს ისეთ მომწოდებლებთან, რომლებსაც გამართული ხარისხის ინფრასტრუქტურა აქვთ და დოკუმენტები აქვთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რატი ობოლაძემ.

მისივე თქმით, სავალდებულო ხდება პროდუქციაზე გარკვეული ინფორმაციის დატანა.

„მაქსიმუმ 0.009 პროცენტი უნდა იყოს ტყვიის შემცველობა საღებავის არააქროლვად ნაწილში, ანუ იმ ნაწილში, რომელიც თვითონ შეიცავს პიგმენტს და რჩება. ეს არის პირველი მოთხოვნა. რაც შეეხება ინფორმაციის დატანას, მეწარმე ვალდებულია, საღებავზე დაიტანოს თავის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც შეიძლება მასთან დაკავშირება. ეს ემსახურება იმას, რომ აღსრულებითი ღონისძიებები როცა დაიწყება, თუკი გამოვლინდა ტყვიის დაუშვებელი ზღვრული ოდენობა, მოხერხდეს დაკავშირება და შემზღუდველი ღონისძიებების გატარება“,- განმარტა რატი ობოლაძემ.

ამასთან, რეგლამენტში საუბარია დისტრიბუტორის ვალდებულებებზეც. დოკუმენტის თანახმად, დისტრიბუტორი ვალდებულია, ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე, დარწმუნდეს, რომ მასზე დატანილია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

რეგლამენტი ძალაში შედის 2023 წლის პირველი ივლისიდან.