სნო,ჯუთა,როშკა,შატილი,ომალო,ხადორის ხეობა – ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ დაანონსებული გზის მშენებლობის დაწყების გეგმა დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში გააპროტესტეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, გზის მშენებლობის შესახებ მათ არავინ გასაუბრებია.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ალტერნატიული გზის მშენებლობის შემთხვევაში საშიშროება დაემუქრება თუშეთის ეკოლოგიას, ასევე ეკო და ექსტრემალურ ტურიზმს, რომელიც განვითარების ეტაპზეა.
„ჩვენთან ექსტრემით დაინტერესებული ტურისტები მოდიან, ველოსიპედით, მოტოციკლით, ცხენით უნდათ ეს გზა გაიარონ. ესაა ჩვენი შემოსავლის წყარო. თუ ფულის დახარჯვა უნდათ, რა გზაც არსებობს ის გააკეთონ“,- აცხადებს აქციის მონაწილე სოსო ბაბუნაიძე.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი გზა თუშეთამდე მისასვლელ მანძილს დააშორებს.
„ახლა რომ მივდივართ ქვემო ალვანიდან თუშეთის ომალომდე 90 კმ-ია, ახალი გზით სავარაუდოდ 220 კილომეტრის გავლა მოგვიწევს იგივე სოფლამდე რომ მოვიდეთ. მთავრობა ამ ძველ გზას ვერ უვლის და ახლა მეორეც გაიყვანონ, როგორ უნდა მოუაროს. ეს ძველი შეაკეთონ ის ჯობია“,- ამბობს არდალიონ ხააძე.
აქციის მონაწილეების პროტესტს ახმეტის მერი გამოეხმაურა. იოსებ ქარუმაშვილის თქმით, თუშეთის გზის პროექტს არ იცნობს და არც ის იცის, მოსაწონია თუ არა იდეა ახალი გზის მშენებლობის შესახებ.
„არ ვიცი რა პროექტზეა საუბარი, და არც ის ვიცი თუშეთის თემის წარმომადგენლები დღეს რას აპროტესტებენ”,- განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში პროექტის საჯარო განხილვა ხვალ იგეგმება.
„ამ პროექტის საჯარო განხილვა ხვალ იქნება, მეტს ვერაფერს გეტყვით, მეც ამ შეხვედრიდან გავიგებ თუ რა გზის მშენებლობაზეა საუბარი“, – აღნიშნა ახმეტის მერმა.