საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზის პრობლემურ მონაკვეთზე გადაადგილება 10-14 დღეში იქნება შესაძლებელი
საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზის პრობლემურ მონაკვეთზე გადაადგილება 10-14 დღეში იქნება შესაძლებელი

თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბასთან მუშაობას სპეციალური ტექნიკა ორ დღეში დაიწყებს. ასეთი დაპირება მიიღეს ახმეტის საკრებულოში მისულმა ადგილობრივებმა. მათ ასევე განუცხადეს, რომ უპირველესად, პირუტყვის გადასაადგილებელი ბილიკი გაკეთდება, შემდეგ კი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაოების შესრულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს.

„თავად გავაკონტროლებთ, რას გააკეთებენ და როგორ ოპერატიულად იმუშავებენ“, – განაცხადა კოოპერატივ „თუშეთის“ ხელმძღვანელმა პაატა აბულიძემ.

შეხვედრაზე საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი წერეთელმა გზის გახსნის დაგვიანების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, სამუშაოები მეწყერის შედეგად წარმოქმნილი ტბის ტერიტორიაზე იმდენ ხანს გაგრძელდება, ვიდრე წყლის შეგუბების პრობლემა ბოლომდე არ გადაიჭრება. მისივე თქმით, სამუშაოების დაწყებამდე საჭირო იყო საპროექტო, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დასკვნები, რომელიც უკვე დასრულდა. გიორგი წერეთელი ამბობს, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზის პრობლემურ მონაკვეთზე გადაადგილება 10-14 დღეში იქნება შესაძლებელი.