ქუთაისი-დორტმუნდის რეისი, რომელიც თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო, დაახლოებით შვიდი საათის დაგვიანებით შესრულდა.
მანამდე ავიაკომპანია „ვიზეარის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლზე სატესტო სვლა შეასრულა.
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, თვითმფრინავში არსებული პროგრამული ხასიათის ხარვეზი აღმოფხვრილია.
ქეთევან ალექსიძემ ასევე დაადასტურა, რომ ტექნიკური ხასიათის პრობლემა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ბარელონის რეისი ჩაიშალა და რამდენიმე საათით გადაიდო მილანის რეისი, ასევე დღეს დაგვიანებით შესრულდა დორტმუნდის რეისი, ერთსა და იმავე თვითმფრინავს შეექმნა.
ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის რეისი დაგეგმილ დროს ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შესრულდა. ფრენა დილის 06:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. როგორც ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზეარზე“ დაყრდნობით განაცხადეს, თვითმფრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც, ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის თვითმფრინავი მწყობრშია. რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, წინასწარი ინფორმაციით, ის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.