„ვიზეარი“ - ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის პროფესიონალურად გამკლავებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ეჭვმიტანილის სწრაფად პოვნას
„ვიზეარი“ - ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის პროფესიონალურად გამკლავებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ეჭვმიტანილის სწრაფად პოვნას

„ვიზეარი“ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის სწრაფად და პროფესიონალურად გამკლავებას, მათ შორის, ეჭვმიტანილის სწრაფად პოვნას, – ამის შეახებ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ სუს-ის მიერ ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

„„ვიზეარს“ აქვს ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური აგრესიის მიმართ, რადგან ჩვენი მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-მა ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ცნობით, აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.