ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის სამ პირს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული სამი პირის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ბადრი ქობულაძეს, გიორგი შავლიძესა და რამაზ კომახიძეს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
როგორც მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განმარტა, მან სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა, გაითვალისწინა ბრალებულების ასაკი და ქცევა.
ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, ოჯახები კი ბრალდებულთა უდანაშაულობაზე საუბრობენ. გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულთა ახლობლები ხმაურით შეხვდნენ.
ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის გასული წლის 17 ივლისს სულ 10 პირი დააკავეს.
დღესვე გამოცხადდება გადაწყვეტილება კიდევ ოთხ დაკავებულთან დაკავშირებით.