მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშს დაუბრუნდა რესტავრირებული მე-12 საუკუნის ხელნაწერი – ქურაშის ოთხთავი.
მესტიის მუნიციპალიტეტის ანსამბლ „რიჰოს“ მიერ შესრულებული წმინდა გიორგის ძველი სვანური საგალობლის თანხლებით ქურაშის წმინდა გიორგის ტაძარში სახარების მიბრძანებას, სიწმინდის მცველებთან, თემის წარმომადგენლებთან, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე და გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის უფროსი თამილა აფაქიძე და სვანეთის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ თემს – ნდობისთვის, ეროვნული არქივის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს კი თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ეცერის თემის წარმომადგენლებსა და ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომლის ხელმომწერებიც, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, არიან სოფლის, მუნიციპალიტეტისა და სვანეთის წარმომადგენლები, ასევე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძე, ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში 18 თვის განმავლობაში უტარდებოდა რესტავრაცია. ეს ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ტექსტის რესტავრაციის მეორე შემთხვევაა.
2020-2021 წლებში, საქართველოს ისტორიაში პირველად, რესტავრაცია ჩაუტარდა ლახამულის მე-12 საუკუნის ოთხთავს.
ქურაშის სახარებას, რომელიც სვანეთის მკვიდრთა უდიდესი მოწიწებისა და ზრუნვის საგანია, 2022 წლამდე არასდროს დაუტოვებია წმ. გიორგის ეკლესია, მაგრამ ხელნაწერს სრული განახლება სჭირდებოდა და მხარეებს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ნდობისა და საერთო მიზნის გათვალისწინებით, 2022 წლის ოქტომბერში ქურაშის ოთხთავი თბილისში ჩამოაბრძანეს.
ხელნაწერს დედაქალაქში ჩაუტარდა ყველა საჭირო სარესტავრაციო პროცედურა, რათა ის სვანეთმა კვლავ ღირსეულად შეუნახოს საქართველოს.
ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი XII-XIII საუკუნეების პალიმფსესტური ხელნაწერია, რომელშიც შესულია ოთხთავის გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია მცირედი განსხვავებით და ახლავს ანდერძ-მინაწერები.
იგი რესტავრაციამდე ნახევრად დაშლილი იყო, არ ჰქონდა ყდა. წიგნის ყუა დაზიანებული იყო, ფურცლები კი – ბლოკიდან ამოვარდნილი, დაზიანებული და გახევებული. მათ ზედაპირზე ჰქონდა ყავისფერი ლაქები, ობისა და სოკოს ნადები.
რესტავრატორებმა ოთხთავის თითოეულ ფურცელს ჩაუტარეს დეზინფექცია, ფურცლები გაიწმინდა მშრალი და სველი მეთოდით, მოსცილდა მტვრის, ობის, სანთლისა და ჭუჭყის ნადები. გახევებული და დეფორმირებული თითოეული ფურცელი დარბილდა და გასწორდა. დაზიანებული კიდეები შეივსო ხელოვნური პერგამენტით.
წარსულში წიგნი არაერთხელ იყო დაშლილი, ამიტომ მასში დარღვეული იყო გვერდების მიმდევრობა.
ხელნაწერის ტექსტი შინაარსობრივად დალაგდა, გვერდები დაინომრა და ხელახლა აიკინძა, გაუკეთდა ახალი ყუა, ჩაისვა ტყავის ახალ ყდაში.
რესტავრაციის ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობდა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა უნიკალური ძეგლის დაცვის ხარისხი. ხელნაწერის შესანახად დამზადდა სპეციალური ყუთი.
ლახამულის უნიკალური ხელნაწერის რესტავრაცია, რომელიც 2020 წლის 26 მაისს ეროვნულ არქივში გადმოაბრძანეს, 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის თანამშრომლები. აღდგა ეტრატის ფურცლები, რომლებზეც დატანილია სხვადასხვა შინაარსის 22 მინაწერი. ფურცლები დარბილდა, მოშორდა მიწის ნაწილაკები და სანთლის ნაღვენთები, აიკინძა ძველი წესით და მოთავსდა ტყავის ყდაში. რესტავრაციისას სახარების ძველი ჭედური ყდის ქვეშ აღმოჩნდა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც სახარებასა და ყდასთან ერთად ლახამულაში დაბრუნდა. 2021 წელს განახლებული ლახამულის ოთხთავის სვანეთში დაბრუნება და წმინდა გიორგის ტაძარში საზეიმოდ დაბრძანება სიმბოლურად დაუკავშირდა განსაკუთრებულ დღეს – 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულს.
ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.