ქსნის N15-ე დაწესებულების მსჯავრდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ პირველ არხს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, 1978 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.ც. მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.
„მსჯავრდებული ა.ც. N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. როგრც პატიმრები ყვებიან, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა.
მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და მსჯავრდებულის გადაყვანა მცხეთის სამედიცინო დაწესებულება – „ჯეოჰოსპიტალში“. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი ინფორმირებულია“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.