ქეთი მსხილაძე - ზვიად რატიანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც არ ვეთანხმები
უნდა მომხდარიყო ზვიად რატიანთან დაკავშირებული მასალის შესწავლა და ამოღებული ყოფილიყო ის ნაწილები, რომელზეც ახლა მომჩივანი ჩივის და მე თუ მკითხავთ, სრულიად სამართლიანად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთი მსხილაძემ საბჭოს სხდომაზე ზვიად რატიანის საჩივრის განხილვის შემდეგ განაცხადა.
ქეთი მსხილაძის თქმით, ადგილი ჰქონდა იმ პრინციპების დაღვევას, რასაც მომჩივანი მხარეს ასაჩივრებს.
„მე ვფიქრობ, რომ დაირღვა ეს პრინციპები. საერთოდ, როდესაც ეთიკურ პრინციპებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ეთიკური, მორალური მხარე უნდა წამოვწიოთ წინ და კანონი არ უნდა განვიხილოთ დოგმატურად. ეთიკურ პრინციპებზე საუბრის დროს, ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია კონტექსტი და აქედან უნდა გამოდიოდეს ჟურნალისტი. არ ვამბობ, რომ ეს შეგნებულად გააკეთა ჟურნალისტმა და იმ გუნდმა, რომელმაც მოამზადა ეს მასალა, მაგრამ ეს იყო, მოდი დავარქვათ დაუდევრობის შედეგი. მესმის, რომ ოპერატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია მედიისთვის და სატელევიზიო მედიისთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სიზუსტე. ოპერატიულობას არ უნდა შეეწიროს სიზუსტე. ის, რომ მასალა მიიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მასალა შეიძლება სრულად გაუშვა სწორედ ჟურნალისტური პრინციპებიდან და ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე. უნდა მომხდარიყო იმ მასალის შესწავლა და ამოღებულიყო ის ნაწილები, რომელზეც ახლა მომჩივანი ჩივის და მე თუ მკითხავთ, სრულიად სამართლიანად. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მე ამას არ ვეთანხმები, მე სხვა მოსაზრება მაქვს. ვფიქრობ, რომ შეცდომას როდესაც დაუშვებ, აღიარება კარგია იმიტომ, რომ შემდეგ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებ“, – განაცხადა ქეთი მსხილაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადებით, მაუწყებლის მიერ გაშუქებული მასალა, რომელიც საჯარო სხდომაზე იყო წარმოდგენილი, რომლის დახურვაც ზვიად რატიანის ადვოკატს არ მოუთხოვია. მისივე თქმით, აღნიშნული მასალა სხვა მაუწყებლების სიუჟეტებშიც მოხვდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მომჩივანი მხარე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.