ქეთევან ციხელაშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახი ძალიან მალე შეხვდება
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ადამიანურად სასიხარულო თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეში სახელმწიფოსა და არამხოლოდ მისი მხრიდან დიდი ძალისხმევა იყო ჩართული.
„იცით, წარმოუდგენელი ძალისხმევა იყო ჩართული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან და არა მხოლოდ. ამ საქმეში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა არხი იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან ყოფილიყო თავისუფალი, ეს იყო უპირატესი ამოცანა და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს შესრულდა.
მე ახლა გახლავართ გზაში და მექნება შესაძლებლობა, მეტი დეტალი მოგახსენოთ ცოტა ხანში, პირველ რიგში, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ოჯახი ძალიან მალე შეხვდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.
ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.