ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
ოთინაშვილის ოჯახს ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის თქმით, 36 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროცესში ჩართულია „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაცია.
„პირველი ინტერესია, რომ მისი გათავისუფლება მოხერხდეს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ცხელი ხაზი გააქტიურებული. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, რაც ერთი საათის წინ გვაქვს მიღებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩართულია „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი და ისინი ოჯახის წევრებთან არიან ხაზზე. ასევე ე.წ პროცედურები, რომელიც უკანონო დაკავების შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაში. სხვა ტიპის რაიმე გადაწყვეტილება არ დასტურდება. მთავარი ინტერესია, რომ გათავისუფლება მოხერხდეს, მიუხედავად სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციებისა, კომუნიკაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა დაკავებულის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“ (RCT/EMPATHY) საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი მათი ბენეფიციარი ოჯახის წევრია.