ცენტრი „ემპათია“ - საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი ჩვენი ბენეფიციარი ოჯახის წევრია
ცენტრი „ემპათია“ - საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი ჩვენი ბენეფიციარი ოჯახის წევრია

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/EMPATHY) საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„2018 წლის 29 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული იქნა მაია ოთინაშვილი, ჩვენი ბენეფიციარი ოჯახიდან. დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი კვლავ არ არის გათავისუფლებული.

ცენტრი „ემპათიას“ მიერ არაერთგზის იქნა აღნიშნული, რომ აუცილებელია სისტემური რეაგირება ადამიანების გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რამაც პრაქტიკულად ყოველდღიურობის ხასიათი მიიღო.

ცენტრი „ემპათია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ადეკვატური ზომები, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, მაია ოთინაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების თაობაზე, ასევე შეიმუშაოს სისტემური მიდგომა საოკუპაციო ზოლის უსაფრთხოების საკითხებისადმი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართვით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთთან ​უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.