ქეთევან ციხელაშვილი - პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ვიცე-პრემიერის ვიზიტი გზავნილია, რომ ჩვენ მარტო არ ვართ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ვიზიტი საქართველოში პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღეს სტუმრობენ ჩვენი პარტნიორები ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ეს არის საკმაოდ დიდი გზავნილი, რომ არა ვართ მარტო განსაცდელში, რასაც განგრძობითი ოკუპაცია ჰქვია. ასევე, გზავნილია იმისა, რომ მომავალშიც უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ამასთან, მის თქმით, აღნიშნული აგვისტოს ომის მძიმე დღეებში საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა.
დღეს თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლოროზენკო ეწვევიან. მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ვიცე-პრემიერი თბილისში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე ჩამოდიან.