საგარეო უწყება - მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების  და ვიცე-პრემიერის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის  გამოხატულებაა
საგარეო უწყება - მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების  და ვიცე-პრემიერის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის  გამოხატულებაა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დღის მეორე ნახევარში დედაქალაქს პოლონეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო ეწვევიან.

მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ვიცე-პრემიერი  თბილისში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე ჩამოდიან.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ვიზიტი მათი მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და მეგობრობის გამოხატულებაა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“. ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიმართავენ.

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

 

დატოვე კომენტარი