ქეთევან ციხელაშვილი - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ამოცანაა, სამართლის აღსრულებასა და დანაშაულების პრევენციას შეუწყოს ხელი
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ამოცანაა, საერთაშორისო სანქციებისა და წესების გზით სამართლის აღსრულებას ხელი შეეწყოს, მათ შორის დანაშაულების პრევენციას , – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „ხიშბა-სიგუას სიის“ მომზადების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე აღნიშნული სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევა.
ამასთან, მისი თქმით, გარკვეულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს შესაძლოა, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე სხვადასხვა რეაქცია ჰქონდეთ.
„ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია“ პარლამენტის მიერ მომზადდა, სადაც ის პირები არიან შეყვანილი, რომელთა მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს. სამწუხაროდ, მათ ადამიანის სიცოცხლისა და უფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე დანაშაულებები ჩაიდინეს. ამ სიის ამოცანაა, რომ საერთაშორისო სანქციებისა და წესების გზით სამართლის აღსრულებას ხელი შეეწყოს, მათ შორის მსგავსი დანაშაულების პრევენციას. დარწმუნებული ვარ, აფახაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრიმინალის პრევენცია საზოგადეობის ინტერესებშია, რადგან კრიმინალს არ გააჩნია ეთნიკურობა. არავისში იწვევს დავას ის, რომ მკვლელი დასჯილი უნდა იყოს. მომავალში ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, რათა დანაშაულისა და კრიმინალის აღკვეთაზე საერთაშორისო ძალისხმევა მივმართოთ“, – აღნიშნავს ციხელაშვილი.
პირველი არხის კითხვაზე – როგორ გამოიყენებს რუსული მხარე აღნიშნულ სიას, ციხელაშვილი პასუხობს, რომ შეიძლება, გარკვეული ჯგუფები ესკალაციით იყვნენ დაინტერესებული.
„ჩვენი ამოცანაა, კრიმინალთან ბრძოლა. მზად ვართ, მომავალშიც განვაგრძოთ ძალისხმევა, რომ ადამიანის უფლებები არ ილახებოდეს”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ, 26-კაციანი სია შესთავაზა, რომელსაც „ხიშბა-სიგუას სია“ უწოდა.