ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ „ხიშბა-სიგუას“ 26-კაციანი სია შესთავაზა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ „ხიშბა-სიგუას“ 26-კაციანი სია შესთავაზა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ 26-კაციანი სია შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „НУЖНАЯ ГАЗЕТА“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა​ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ შედგენილ 26-კაციან სიას „ხიშბა-სიგუას“ სია უწოდა.

დე ფაქტო პარლამენტისადმი გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაბიჯი, კერძოდ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნა, დაუსაბუთებელია და არავითარ ფაქტებს არ ეფუძნება.

ამასთან,  ე.წ. ვეტერანთა კავშირი მიიჩნევს, რომ „იმ ადამიანებს, რომლებიც „ხიშბა-სიგუას“ სიაში შეიყვანეს, ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ აქტივობებში“.

26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.