ქეთევან ციხელაშვილი - მავთულხლართების პოლიტიკით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი ზარალდება, რომელთაც სურთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლება 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის მთავარი მიზანი იყო, – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გატაცებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოთინაშვილის ოჯახში გააკეთა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელთან, თამთა გოგუაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ბოლო დღეების მთავარი ამოცანა – მაია ოთინაშვილის გათავისუფლება და შვილებისათვის დედის დაბრუნება მიღწეულია. თუმცა, გრძელდება მუშაობა მეორე უმთავრესი მიზნის, მსგავსი ფაქტების აღმოფხვრის მისაღწევად.
„ფაქტთან დაკავშირებით შეფასება მხოლოდ ერთგვარი შეიძლება იყოს – მორიგ, აბსოლუტურად უკანონო ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაია ოთინაშვილი ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, თავის საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. პირველი დღეების განმავლობაში კომუნიკაციის საშუალებაც კი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი მყისიერად ჩაერთო.
ჩვენმა აპარატმა და აბსოლუტურად ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ, კომპეტენციიდან გამომდინარე, ხელთ არსებული ყველა მექანიზმის მობილიზება მოახდინა, ფორმალურის, არაფორმალურის და მთელი ამ ერთობლიობით დღეს ეს შედეგი დადგა. ნებისმიერი მსგავსი უკანონობისას და უსამართლობისას, მთავარი, რაზეც ვმუშაობთ ისაა, რომ ადამიანი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. თუმცა, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპებიდან, საერთოდ არ ხდებოდეს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, უკანონო დაკავებების პრევენცია ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც, რომლის მორიგი რაუნდიც სწორედ დღეს იმართება.
„ამ დღეებში არაერთი სხვა შეზღუდვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. მათ შორის ე.წ. ჯარიმების გაზრდის თაობაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტის შეტანის გართულებაზე და ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო წყაროთი დაკავებული პირების შესახებ სტატისტიკაც გამოქვეყნდა. ძალიან საყურადღებოა ის, რასაც არაერთხელ გავუსვი ხაზი და რაც ამ პოლიტიკის აბსურდულობაზე მეტყველებს – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები გაცილებით მეტი ადამიანია დაკავებული და არ ეძლევა საშუალება, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდეს, ვიდრე პირიქით. ანუ, რუსული წყაროებითაც კი დასტურდება, რომ მავთულხლართების პოლიტიკით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრი ადამიანი ზარალდება, რომელთაც სურთ და სჭირდებათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება. ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა. ჩვენი ამოცანა მოლაპარაკებებისა და ნებისმიერ სხვა ფორმატში ისაა, რომ ადამიანებს გადაადგილება გაუადვილდეთ“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მაია ოთინაშვილი საკუთარ ოჯახში იმყოფება. საოკუპაციო ძალებმა ის 29 სექტემბერს დააკავეს. ოთინაშვილის ოჯახში დღეს სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მისი გათავისუფლების პროცესში იყვნენ ჩართული.