ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორელი მამაკაცი არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური შეზღუდვებისა, რომელიც მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში აქვს
გამოვხატავ თანაგრძნობას ახალგორელი მამაკაცის ოჯახის წევრების მიმართ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური შეზღუდვებისა, რომელიც მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში აქვს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 63 წლის მამაკაცის გარდაცვალების კომენტირებისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მამაკაცს ინსულტი ჰქონდა, ახალგორის საავადმყოფოდან გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში და მოგვიანებით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოყვანის დროს გზაში გარდაიცვალა.
„ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში, გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იყო გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ, უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად, უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში. რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა. რეალურად, დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა.
საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად, სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.