ქეთევან ციხელაშვილი - გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებით მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
ქეთევან ციხელაშვილი - გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებით მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

ციხელაშვილის განმარტებით, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ყველა ის დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მაღლაა, მაღალმთიანად ცხადდება.

„შევიდა ცვლილება კანონში და თავისთავად უკვე საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე დადგინდა, როგორც კრიტერიუმი. შესაბამისად, ყველა ის დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მაღლა მდებარეობს და არის გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ყველა სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე ცხადდება მაღალმთიანად. ასევე, ის დასახლებები, რომლებიც მიეკუთვნებიან მუნიციპალიტეტებს, სადაც სოფლების 80 პროცენტი ამ სტატუსით უკვე სარგებლობს. ისედაც გამოდის, რომ მთლიანად ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მდებარე სოფლების უმეტესობა ამ სტატუსით სარგებლობს“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, მაღალმთიანის სტატუსით დამატებით 19 სოფელი – გორის რაიონის 11 და დუშეთის რაიონის 8 სოფელი ისარგებლებს.

„ეს სტატუსი, ყველა იმ სხვა ღონისძიებასთან ერთად, რასაც კომისია უშუალოდ ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად ატარებს, კიდევ უფრო შეუმსუბუქებს მათ მდგომარეობას. ნამდვილად ვიცი, აქედან არაერთ სოფელში ვყოფილვარ, მოსახლეობა ელოდა ამ ცვლილებას და ვფიქრობ, რომ დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნული 19 დასახლებიდან გორის მუნიციპალიტეტში მდებარე 11 სოფელია – ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში.

დუშეთის მუნიციპალიტეტს კი 8 სოფელი ეკუთვნის – ბაქაქურები, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, პეტრიანი, ქედელობა, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი.