ირაკლი ქარსელაძე - 2016 წლიდან დღემდე 412 მილიონი მიიმართა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით, მაღალმთიან დასახლებებში შეღავათებით 258 000 ადამიანი სარგებლობს
ირაკლი ქარსელაძე - 2016 წლიდან დღემდე 412 მილიონი მიიმართა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით, მაღალმთიან დასახლებებში შეღავათებით 258 000 ადამიანი სარგებლობს

დღესდღეობით 1 797 დასახლებას გააჩნია მაღალმთიანი სტატუსი, აქედან 1 767 სოფელია, დანარჩენი კი – ქალაქები და დაბები; 258 000 ადამიანი სარგებლობს იმ შეღავათებით, რომელიც დაწესებულია და 439 საწარმოს აქვს მაღალმთიანის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრის შეფასებით, მზარდია 2021-2023 წლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც უკვე 20 პროცენტით მეტი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა ჯამური ღირებულება 973 მილიონი ლარი იქნება.

„ხაზგასასმელია 2019-2020 წლების შედეგები პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, სადაც გეგმასთან 15-პროცენტიანი გადაჭარბებაა და განხორციელებულმა პროექტებმა ჯამურად 903 მილიონი ლარი შეადგინა. აქ შედის ასობით კილომეტრი გზა, წყლის სისტემები, სკოლები, როგორც საბავშვო ბაღების, ისე სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. კიდევ უფრო მზარდია 2021-2023 წლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც უკვე 20 პროცენტით მეტი, ჯამში 973 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება იგეგმება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.