ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ისევე, როგორც პოლიციის საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
შესაბამისად, მისი თქმით, საგუშაგოსთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო.
„ამასთან დაკავშირებით განცხადებები, რომლებიც ვრცელდებოდა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ყველა თვალსაზრისით და არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით. ცხადია და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შედგება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც გვაქვს მოლაპარაკება. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის თანათავმჯდომარე. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის რამე ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება, საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ისევე იქით მხარეს, იქნება ეს ჩორჩანა თუ წნელისი, არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და ამისკენ არის მიმართული ძალისხმევა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა და მოწოდებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და მოხდება სიტუაციის განმუხტვა უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ახლომდებარე სოფლებს მოსახლეობა ტოვებს. ციხელაშვილის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩემი ინფორმაციით ასეთ ფაქტებს ადგილი არ აქვს. ვმუშაობთ და მოგვიანებით უფრო დაზუსტებით შემეძლება, გითხრათ, მაგრამ ახლა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსახლეობა არ ტოვებს სოფლებს. არ ვიცი, რომელი არხებით ვრცელდებოდა მსგავსი ტიპის ინფორმაცია. ზოგადად ის, რომ ვითარება არ არის სასურველი და ქმნის დაძაბულობას მოსახლეობაშიც და საზოგადოებაშიც, ეს ფაქტია. ნებისმიერი ასეთი სახის მოქმედება თავის ხასიათით არის პროვოკაციული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია არის და უნდა იყოს კონტროლქვეშ, ჩვენ ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ სიტუაცია არ გართულდეს და პირიქით, მოვახდინოთ დეესკალაცია. რეალურად ესკალაციის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. ჩემთვის გაუგებარია რატომ ხდებოდა ეს ამ დღეების განმავლობაში“, – აღნიშნა ციხეილაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანებს ემსახურება.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის პოლიციის საგუშაგოს მოწყობა, ემსახურება დეესკალაციის, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანებს“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ ქართული პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მოითხოვეს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ადგილზე განაცხადა, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება და ის ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ. ამასთან, როგორც ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მოცემული მომენტისთვის ვითარება არის სტაბილური, ადგილზე სიმშვიდეა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს. ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გუშინ დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა, ასევე უწყებამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.