ლაშა დარსალია - ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ
ლაშა დარსალია - ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ

დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ერგნეთის შეხვედრის შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია.

„მოგეხსენებათ დღეს ერგნეთში იმართებოდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა (IPRM) და ამ შეხვედრის განვითარებასთან დაკავშირებით მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. „აიპიარემის“ შეხვედრები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის და ზოგადად, პროცესი დღეს ჩაიშალა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ბოლოს შეხვედრის დატოვების გამო, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ასევე გავაცანით ვითარება ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდებოდა საპოლიციო შესაბამისი საგუშაგოების გაძლიერება. ეს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, რაც ასევე დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეთხოვათ, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება ამ საკითხზე.

„ჩვენ ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გაგრძელდეს პროვოკაციები, რაც ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აღნიშნული საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.