ქეთევან ციხელაშვილი - აუცილებლად შევძლებთ მავთულხლართების დაშლას და ამისთვის ყველაზე სწორი გზაა განათლება და ქვეყნის განვითარება
ქეთევან ციხელაშვილი - აუცილებლად შევძლებთ მავთულხლართების დაშლას და ამისთვის ყველაზე სწორი გზაა განათლება და ქვეყნის განვითარება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტით დაზარალებულ სოფელ ტირძნისში ჩავიდა.

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ციხელაშვილმა ტირძნისის სკოლის მოსწავლეებს მხატვრული და საგანმანათლებლო ლიტერატურა გადასცა.

„მინდა, სწორედ ტირძნისის სკოლიდან, რომელიც 2008 წელს დაზარალდა და დღეს აღდგენილია, ყველას მივულოცო წიგნის საერთაშორისო დღე. ეს არის იმ აქციის ნაწილი, რომლის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს წიგნებს ვჩუქნით. დღეს ბავშვებს, ბიბლიოთეკას გადავეცით წიგნები და ამით კიდევ ერთხელ გვინდა, ყველას გავახსენოთ,  რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა, განათლების მიღება და ის, რომ განათლება ნამდვილად ყველაზე სწორი ინვესტიციაა წარმატებაში, მშვიდობასა და განვითარებაში.

ის, რომ დღეს ამ სკოლაში, რომელიც სულ ახლოსაა მავთულხლართებთან, ასეთი კარგი პედაგოგები ასეთ კარგ მოსწავლეებს ასწავლიან, სრულფასოვან განათლებას აძლევენ, არის სწორი პასუხი იმ მახინჯ საოკუპაციო პოლიტიკაზე, რომელიც დღეს საქართველოში ასამდე სოფელს ჰყოფს. ჩვენ ძალიან პრინციპულად, განვითარებით, ამ ხალხის გვერდში დგომით, აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ მომავალში დავშალოთ მავთულხლართები. ამისთვის ყველაზე სწორი ინსტრუმენტი განათლება და ჩვენი ქვეყნის განვითარებაა. ყველას ვულოცავ წიგნის საერთაშორისო დღეს. ვიკითხოთ წიგნები, მივიღოთ განათლება და ყველაზე ძლიერები და წარმატებულები ვიქნებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტირძნისში თავის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად იმყოფებოდა.