ქედაში, სოფელ დოლოგანში მომხდარზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ქედაში, სოფელ დოლოგანში მომხდარზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებისას ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე.
„კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ქვა მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათვე ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ახორციელებდა.