ქობულეთსა და ქედაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
ქობულეთსა და ქედაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება

ქობულეთში მთავრდება მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, წესრიგდება ქალაქის შემოერთებული ნაწილის, ე.წ გელაურის დასახლების ეზოები.

აჭარის მთავრობს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სავალი ნაწილის და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას; ადგილზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა; იგება მწვანე ზოლი; მონტაჟდება გარე განათება. პროექტი 2020 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტს მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს. ჯამში ამ დრომდე 25-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო მოწესრიგდა.

ქედაში კი ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარკში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიგო ფერადი ქვაფენილები, მოეწყო სათამაშო მოედნები. მალე დაიწყება პარკის გამწვანება დეკორატიული მცენარეებით. პარკი იქნება სრულად ადაპდირებული შშმ პირებისათვის.

დასკვნით ეტაპზეა ქვედა აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აქ მცხოვრები ოჯახები ამ დრომდე საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ. საავტომობილო ხიდი ასევე, ზედა აქუცის, ვაიოსა და კვაშტის სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა იქნება.

ქობულეთსა და ქედაში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ადგილზე გაეცნო.