ქაშუეთის ტაძარში სპეცრაზმელ ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშუეთის ტაძარში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტაძარში უკვე შეიკრიბნენ სპეცრაზმელის ოჯახის წევრები. ივანე გოლაშვილს ქაშუეთის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
„16 წლიდან ჯარში იყო, მოწოდებული იყო ქვეყნის სიყვარულისთვის, მიჭირს მასზე წარსულში საუბარი, ახლაც წინა ხაზზე გავიდა, გმირი იყი და გმირად მოკვდა“,- განაცხადა სპეცრაზმელის ბიძამ.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის მუშაობს ცხელი ხაზი – 2 375029, 599 537040, 2 722222.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.