თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265.

„ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ათასობით ჩვენ მშვიდობიან თანამემამულესა და თავგანწირულ მებრძოლს შორის დღემდე არის 2000 ათასამდე ისეთი ადამიანი, რომელთა ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, სამწუხაროდ არაფერია ცნობილი მათი ოჯახებისთვის. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის ქართულ -აფხაზური საკოორდინაციო ჰუმანიტარული მექანიზმის ფარგლებში გაწეული ჩვენი ძალისხმევისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ამჯერად, ჩვენ შევძელით აფხაზეთში დაღუპული კიდევ 20 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა. დღეს, ჩვენ სამების საკათედრო ტაძარში პატივს მივაგებთ 14 სამხედრო მოსამსახურისა და 6 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას და კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, რომლებიც ერთდროულად განიცდიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრის დაღუპვის დადასტურებით გამოწვეულ უმძიმეს ტკივილს, ამავდროულად, მრავალწლიანი გაურკვევლობისა და მოლოდინის დასრულებით გამოწვეულ ერთგვარ ნუგეშს. ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად, მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის მოძიება შევძლოთ, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა შესაბამისს სახელმწიფო უწყებებთან და წითელ ჯვართან ერთად ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.