ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან
ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს კონსულმა ანკარაში, კონსტანტინე კოტარიამ განუცხადა.
„წინასწარი დაკავების იზოლატორში, საპატიმროში არავინ არ არის, ფეხბურთელები არიან შეკრების ადგილზე გუნდთან ერთად“, – განუცხადა კონსტანტინე კოტარიამ პირველ არხს.
მისი თქმით, სასამართლო გუშინ ჩატარდა, უახლოეს დღეებში კი მორიგი სხდომა გაიმართება. თარიღს კონსული ვერ აკონკრეტებს. უცნობია, როდის გამოცხადდება მოსამართლის განჩინება.
მისივე ინფორმაციით, პირველ სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა, სადაც მაღაზიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჩივარს არ შეიტანს.
კონსულის თქმით, საკონსულოს აქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც საფეხბურთო გუნდთან, ისე თურქულ სამართალდამცავ ორგანოებთან.
სავარაუდო ქურდობის ფაქტი ერთ-ერთ მაღაზიაში 20 თებერვალს მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ცხინვალის „სპარტაკის“ ხუთმა ფეხბურთელმა სავარაუდოდ ანტალიის სავაჭრო ცენტრში გარკვეული საქონელი მოიპარა.