თბილისის საქალაქო სასამართლო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატის, შოთა მანველიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოითხოვს, რომ მის მიმართ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენონ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა შესაძლოა, მისი ეს პოზიცია საბოლოო არ იყოს. მზად ვართ, ყველა ფაქტსა და გარემოებას სათანადო სახელი დაერქვას. აღკვეთის ღონისძიებას რაც შეეხება, აშკარად იქნება გაჟღერებული ის მოცემულობა, რომ არ იყოს მის მიმართ არანაირი ღონისძიება გამოყენებული“, – აცხადებს ადვოკატი და ამასთანავე, მისთვის გირაოს საკითხსაც არ გამორიცხავს.

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულის პიროვნებიდან და წარდგენილი ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, აღკვეთის მკაცრი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული. მისი განცხადებით, დაცვის მხარე სავარაუდოდ გირაოს მოითხოვს.

„რა მოთხოვნა ექნება ბრალდების მხარეს, ამ ეტაპისთვის უცნობია. შესაძლებელია, ბრალდების მხარემ იშუამდგომლოს გირაოს გამოყენების შესახებ. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ასევე სხვა ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას. რა ინფორმაციაც მაქვს, ბრალდებულის მხრიდან არაა გამორიცხული, საქმე იყოს დანაშაულის პროვოკაციასთან. თუმცა დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. ჯერჯერობით თავს შევიკავებ უფრო მეტი კონკრეტიკისგან“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 10:00 საათზე იმსჯელებს.