საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია“ - ბოდიშს ვუხდით ქართულ საზოგადოებას
საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია“ - ბოდიშს ვუხდით ქართულ საზოგადოებას

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებული ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი, ხუთი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეა.

ამასთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბმა „ვიტ ჯორჯიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„ძალიან ცუდი ამბავია ჩვენს თავს – „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დაკავებულია სუს-ის მიერ. საქმე ეხება საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტს. 22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ – არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს. უაღრესად რთულია, გადაიტანო ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით ცდილობენ, შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„ვიტ ჯორჯიას“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

„ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც მკაფიო სურათი გვექნება და მეტის თქმის საშუალება მოგვეცემა. მკაცრად ვემიჯნებით ასეთ ფაქტებს და მათ აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სხვა ორგანოებთან. ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს ვუხდით ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა.