„ბათუმი დინამოს“ სპორტული დირექტორი - ჩვენს კლუბს გაყიდულ თამაშებთან არანაირი კავშირი არ აქვს
„ბათუმი დინამოს“ სპორტული დირექტორი - ჩვენს კლუბს გაყიდულ თამაშებთან არანაირი კავშირი არ აქვს

„ბათუმის დინამოს“ გაყიდულ თამაშებთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ „ბათუმი დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა, ასლან ბალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოს მიერ გაკეთებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.

ამოგლეჯილმა ტექსტმა კითხვები გააჩინა. „ბათუმის დინამოს“ გაყიდულ თამაშთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ, მაქსიმუმი გავაკეთეთ აღნიშნულ შეხვედრაზე. ბოლო წუთამდე ვიბრძოდით.

„ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავება მოხდა თამაშის შემდეგ, რაც მოულოდნელი იყო. როგორც გაირკვა, თამაშებს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყიდდნენ. მაინტერესებს, რატომ მანამდე არ მოხდა მათი დაკავება? ან რატომ სხვა გუნდებიც არ დაასახელეს ვისთანაც თამაში ჰქონდათ აღნიშნულ პერიოდში?

ის რაც გააკეთეს, არის სიბინძურე, ვემიჯნებით გაყიდულ თამაშებს. კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადებით კი შესაძლოა „ბათუმის დინამო“ დაზარალდეს“, – განაცხადა ასლან ბალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვასა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩებისა და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.