თურქეთში გათავისუფლებული ფეხბურთელის ექსკლუზიური კომენტარი - ქურდი მოპარული ნივთის ჩეკს არ წარადგენს, ამიტომაც გაგვამართლეს
თურქეთში გათავისუფლებული ფეხბურთელის ექსკლუზიური კომენტარი - ქურდი მოპარული ნივთის ჩეკს არ წარადგენს, ამიტომაც გაგვამართლეს

„დიდ გაუგებრობასა და შარში გაგვხვიეს, რომელსაც სასამართლომ წერტილი დაუსვა. იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაფერში დამნაშავეები არ ვყოფილვართ“, – ამბობს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საფეხბურთო კლუბ ცხინვალის ერთ-ერთი ლიდერი დათა სიჭინავა, რომელსაც თურქეთში დავუკავშირდით.

ანთალიის სასამართლომ სიჭინავასა და ცხინვალის კიდევ 4 ფეხბურთელის უდანაშაულობა აღიარა, ყველა მათგანი გაათავისუფლა და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.

გიორგი ბუხაიძეს, პაპუნა მოსემღვდლიშვილს, გურამ მინდორაშვილს, დათა სიჭინავასა და კახა კახაბრიშვილს ანტალიის სავაჭრო ცეტრში ქურდობას ედავებოდნენ, რაზეც კლუბმა მაშინვე განაცხადა, რომ მათ ყველა ნივთი კანონიერად შეიძენეს და ამის დასტურად გადახდის ჩეკიც წარადგინეს.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ქართველების უდანაშაულობა ბევრმა არ დაიჯერა – გულშემატკივრების ნაწილი მაინც ეჭვობდა, რომ ცხინვალის ფეხბურთელები მართლები არ იყვნენ. სასამართლო პროცსმა ეს ხმები საბოლოოდ გააბათილა.

ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ სასამართლოს შემდეგ ხუთივე მოთამაშე ფულადი ჯარიმის გარეშე გამოუშვეს და მათ არც დეპორტაცია შეხებიათ – ისინი თურქეთში მომავალშიც უპრობლემოდ გაემგზავრებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდებოდა.

პირველი არხთან დათა სიჭინავამ მომხდარზე გაუგებრობა უწოდა და ექსკლუზიურ ინტერვიუში უდანაშაულობის დასტურად ფაქტები დაასახელა: „სასამართლოზე ჩვენ ჩეკები წარმოვადგინეთ – გეკითხებით, გინახავთ ქურდი, რომელიც მოპარული ნივთის ჩეკს წარადგენს? ეს ხომ წარმოუდგენელია. იგივეზე მეტყველებს სასამართლოს გადაწყვეტილება – ჩვენ არც ფინანსურად დავუჯარიმებივართ და არც დეპორტი შეგვხებია. დამნაშავეებს კი ასე არ ექცევიან“.