ქართველმა ჩოგბურთელებმა იტალიური სანტა მარგერიტა დი პულას ტურნირის ერთეულებში გამოსვლა დაასრულეს.
პირველ წრეში სოფიო შაფათავა დამარცხდა. მან მერვე ნომრად განთესილ ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან – 5:7, 5:7 წააგო. რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, მან პირველი წრე გაიარა, მაგრამ მეორეში ტურნირის მთავარი ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ლაურა ზიგემუნდი შეხვდა და თითქმის უშანსოდ წააგო – 2:6, 3:6.
სამაგიეროდ, გორგოძე და შაფათავა აგრძელებენ გამოსვლას იტალიური ტურნირის წყვილებში.
ქართველებმა დუეტი შექმნეს, განთესვის მესამე ნომერი მიიღეს და ხორვატებს ტენა ლუკასსა და ანა ვრლიჩს სძლიეს – 6:4, 7:6(5), მეოთხედფინალში კი იტალიელებს – მარტინა გარეგაროსა და ფედერიკა დი სარას შეხვდებიან.