ორ ქართველ მესაზღვრეს ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში უახლოეს პერიოდში ელოდებიან
ორ ქართველ მესაზღვრეს ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში უახლოეს პერიოდში ელოდებიან

ორ ქართველ მესაზღვრეს, გიორგი კერესელიძესა და კობა მაჭარაშვილს ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში უახლოეს პერიოდში ელოდებიან, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მაჭარაშვილის მეუღლე, ირმა კაპანაძე აცხადებს, რომ ოჯახს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ჩვენთან არავის დაურეკავს, არ ვიცით, უკვე გადმოსცეს თუ არა ჩემი მეუღლე ქართულ მხარეს“, – ამბობს ირმა კაპანაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ორ ქართველ მესაზღვრეს ქართულ მხარეს 29 ივნისს გადმოსცემდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე მიმდინარე წლის 27 ივნისს აღმოჩნდა. უწყების ცნობით, მესაზღვრეები, გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“,- აცხადებენ სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას.