შსს-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ორ ქართველ მესაზღვრეს ქართულ მხარეს 29 ივნისს გადმოსცემს
შსს-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ორ ქართველ მესაზღვრეს ქართულ მხარეს 29 ივნისს გადმოსცემს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ქართველ მესაზღვრესთნ დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად გავიდა საქართველო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“,- აცხადებენ სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა ხვალ, 29 ივნისს მოხდება.

„მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორ ქართველ მესაზღვრესთნ დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია reginfo.ge-მ გაავრცელა.