რუსეთი ორ ქართველ მესაზღვრეს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემს
რუსეთი ორ ქართველ მესაზღვრეს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემს

რუსეთი ორ ქართველ მესაზღვრეს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად გავიდა საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა დღეს მოხდება.

„მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.