„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხი პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის წევრების მიერ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები იქნება.
ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე პარტიის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ყრილობისთვის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ.
„პარტიის ყრილობისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. ამ შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის”, – აცხადებს თალაკვაძე.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს შეხვედრის დაწყებამდე არ დაუკონკრეტებია, დაესწრება თუ არა შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.