თეა წულუკიანი – პარტიის განმტკიცებას, გაძლიერებასა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებას ყველაზე კარგად ბიძინა ივანიშვილი შეძლებს
პარტია „ქართული ოცნების“ განვითარებაში ახალი ფაზა იწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
„ვფიქრობ, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ დღეს დგას თავისი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის განმტკიცებას, გაძლიერებას და ყველას გაერთიანებას იმ ღირებულებების გარშემო, რომელი ღირებულებებიც ჩვენ 2011 წლიდან გვაერთიანებს, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უხელმძღვანელებს პარტიას თავმჯდომარის რანგში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის გადაწყვეტილებას მიესალმება.
„რეალურად იწყება ახალი ფაზა პარტიის განვითარებაში, რომელიც იმედი მაქვს გააძლიერებს არამხოლოდ პარტიის მმართველ რგოლებს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტიულ აქტივს, ამომრჩევლებს და შთაბერავს ახალ სულისკვეთებას მათ, ვინც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ამ პარტიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.