დავით ჭიჭინაძე - „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ჯანსაღი სიტუაცია არ იყო, პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევა გახდა საჭირო
დავით ჭიჭინაძე - „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ჯანსაღი სიტუაცია არ იყო, პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევა გახდა საჭირო

„ქართულ ოცნებაში“ ძალიან ჯანსაღი სიტუაცია არ იყო, პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევა საჭირო გახდა და მას ამის როგორც მორალური, ასევე პოლიტიკური უფლება აქვს, რადგან პარტიის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელია, – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

დეპუტატი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას მიესალმება და ამბობს, რომ თუ რა გზავნილია პარტიის წევრებისთვის პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის დაბრუნება, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

„ალბათ, თვითონ ყველაზე კარგად გრძნობს და პარტიამაც იგრძნო, რომ პროცესებში მისი ღია ჩართულობა საჭიროა და პარტიას მისი ხელმძღვანელობა წაადგება. იმაზე საუბარსაც წერტილი დაესვა, რომ ფარული მმართველობა იყო. ფარული მმართველობა რომ ყოფილიყო, მაშინ ღიად არ ჩაერთვებოდა. პროცესებში ჩართული რომ არ იყო, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ადამიანი პოლიტიკაში ღიად შემოდის და ყველაფერს ღიად აკეთებს“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.