ქართულ-ჰოლანდიურმა ჰოსპიტალმა სამედიცინო მომსახურება აღადგინა.
ჰოსპიტალი ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული და იქ მყოფ ექიმებსა და პაციენტებს „კოვიდ 19“-ზე ტესტი ჩაუტარდათ.
კლინიკის მარკეტინიგის მენეჯერის ინფორმაციით, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
„უკვე რამდენიმე დღეა, გახსნილები ვართ, ავმუშავდით შაბათიდან. კარანტინი იყო ორ კვირიანი ჩვენთან. ამ პერიოდში თანმშრომლებს და ასევე პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტირება. ყველას პასუხი უარყოფითია. დაახლოებით 64 ადამიანზეა საუბარი. თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იყო, ნაწილი – უშუალოდ კლინიკაში. ანუ, კლინიკა იყო დახურული და ცალ-ცალკე ოთახებში იყვნენ, პალატებში გადანაწილებული“, – განაცხადა ვიქტორია ჟიჟკომ.
კლინიკის მარკეტინგის მენეჯერის განმარტებით, ჰოსპიტალი პაციენტებს გეგმური მომსახურების გარდა, ყველა სხვა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
„ფაქტობრივად, სრულფასოვნად არის დაწყებული მუშაობა. ვიღებთ მათ, ვისაც სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო მოსახურება სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიულიც ჩვეულებრივ მიიღება. გვაქვს თავისთავად ვირტუალური კლინიკა, ანუ, საჭიროების შემთხვევაში, ექიმები ონლაინ უწევენ კონსულტაციას. ნებისმიერი ჩივილისას შეუძლიათ, მოგვმართონ. ერთადერთი, გეგმირი ოპერაცია რაც არის, რასაც სახელმწიფო აფინანსებს გეგმურად, ესენი ამ ეტაპზე შეჩერებულია თვითონ სახელმწიფოს მიერ, ვინაიდან მთელი რესურსი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაზე არის გადართული“, – აღნიშნა მარკეტინგის მენეჯერმა, ვიქტორია ჟიჟკომ.
შეგახსენებთ, ჰოსპიტალი 12 აპრილს მას შემდეგ დაიხურა, რაც პაციენტს, რომელიც კლინიკაში 6 აპრილს გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჰოსპიტალში შეყვანისას ხანდაზმულ ქალბატონს სწრაფი ტესტი აუღეს, თუმცა კორონავირუსზე პასუხი უარყოფითი იყო.
ამის შემდეგ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ქრონიკლ დაავადებებზე მკურნალობდნენ.
მოგვიანებით, აღნიშნული პაციენტი, როგორც კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოიკვლია და მას „პისიარ“ ტესტმა „კოვიდ-19“ დაუდგინა. ქალბატონის კოვიდინფიცირების წყარო მისი მეუღლე აღმოჩნდა.