ქართულ ფილმებს პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 მთავარი ჯილდოდან ოთხი გადაეცა
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 მთავარი ჯილდოდან ქართულ ფილმებს ოთხი პრიზი გადაეცა, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.
ეროვნული კინოცენტრის ცნობით, Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა;
Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო;
Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის “საშიში დედა”. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს – ანა ურუშაძეს გადასცა;
Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის „დედე“;
„ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად (ფესტივალი 2011 წელს დაარსდა), პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი კინოღონისძიებაა, რომელმაც უკვე შეძლო სახელის მოპოვება და ყოველწლიურად ჩინური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა მას ჰოლივუდის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები ესწრებიან.
საქართველო პეკინის საერთაშორსო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს და იგი ფესტივალზე ყოველთვის ღირსეულად იყო წარმოდგენილი. შარშან კი ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, ისევე როგორც წელს, პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან ოთხი მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის “ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს. ფილმს “სხვისი სახლი” ასევე ორი პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.