სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე იაპონიაში ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე იაპონიაში ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში „ივანამი გრუპის“ პრეზიდენტ როცუკო ივანამის და ტოკიოს კინოთეატრის „ივანამი ჰოლის“ დირექტორ ტაკეჰიდე ჰარადას შეხვდა. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრისას იაპონიაში ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაიმართა საუბარი.

„მოვინახულე ქართული ფილმების კინოდარბაზი. „ივანამი ჰოლი“ ტოკიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინოთეატრია, სადაც 1978 წლის შემოდგომაზე, სწორედ ტაკეჰიდე ჰარადას დამსახურებით გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“ აჩვენეს. შარშან ასევე მოეწყო ქართული ფილმების ფესტივალი.

ტაკეჰიდე ჰარადამ კი, 2018 წელს ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ მისი ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით იაპონურ ენაზე ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.