თინათინ ბერძენიშვილი - პირველი არხი არის იქ, სადაც არის ქართული კინო, ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ ქართული პროდუქტი და ინვესტიცია, რომელსაც განვახორციელებთ, საქართველოში დარჩეს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მესტიის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის ფიჩინგ ფორუმის საუკეთესო ქალი რეჟისორისთვის სპეციალური პრიზი დააწესა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორს, ანა კვიჭიძეს გადაეცა.

ასევე ფესტივალის ჟიურის რჩეული ფილმი „გუშაგები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამონაწილეობით შეიქმნა და მისი პრემიერა საქართველოს პირველ არხზე შედგა.

ფესტივალთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა. თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებელი არის იქ, სადაც არის ქართული კინო. რაც შეეხება სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს, მასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა საკუთარი პირობები – პრიზი დაწესებულიყო ქართველი ქალი რეჟისორისთვის, ვინაიდან ქალი პროფესიონალების მხარდაჭერა მაუწყებლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„საქართველოში დაბანდებული ინვესტიცია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია. ვიმოქმედეთ ჩვენი სტრატეგიით, ჩვენთვის მთავარია, ქართული პროდუქტი შევქმნათ და გვაქვს პრეტენზია, რომ ხარისხიანი. ნაყიდ პროდუქციას გვირჩევნია, იყოს ქართული და ეროვნული. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის გამარჯვებული უნდა ყოფილიყო ანი კვიჭიძე, რათა ის ინვესტიცია, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ შემდგომში, საქართველოში დარჩეს და ქართველ პროფესიონალებს მოხმარდეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.