ქარიმ ბენზემას „მუსლიმ საძმოსთან“ კავშირში ადანაშაულებენ - მისთვის საფრანგეთის მოქალაქეობისა და „ოქროს ბურთის“ ჩამორთმევას ითხოვენ #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ქარიმ ბენზემა (რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის „ალ იტიჰადში“ თამაშობს) სკანდალში გაეხვია – საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ბენზემა ისლამურ ტერორისტულ ორგანიზაცია „მუსლიმ საძმოსთან“ არის დაკავშირებული.
ამ განცხადებას ფეხბურთელის ადვოკატის მწვავე რეაქცია მოჰყვა: „ეს სიცრუეა – ბენზემას არასოდეს ჰქონია კავშირი ამ ორგანიზაციასთან. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას შევისწავლით და მის წინააღმდეგ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასამართლოში საქმის აღძვრასაც არ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა ფეხბურთელის ადვოკატმა Le Parisien-თან ინტერვიუში.
ბრალდებას ბენზემაც გამოეხმაურა და განცხადებას ცილისწამება უწოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, ფრანგი სენატორი, ვალერი ბუიე ბენზემასთვის მოქალაქეობის შეწყვეტასა და „ოქროს ბურთის“ ჩამორთმევას ითხოვს.